რატომ მოიგონეს უფლებები???
ნებისმიერი უფლება ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
1. უფლებას უნდა ჰყავდეს გამცემი ანუ უფლების მიმნიჭებელი.
2. უფლებას უნდა ჰყავდეს მიმღები ანუ უფლების მფლობელი.
უფლება, მისი არსიდან გამომდინარე, სხვა არაფერია თუ არა რთული ევოლუციური მექანიზმი, რომელიც ყველაზე ფუნდამენტურ ინსტინქტს – თვითგადარჩენას ემსახურება. ევოლუციის პროცესი კი ხელს უწყობს ნებისმიერ ფაქტორს, რომელიც თვითგადარჩენას და გარე სამყაროსთან ურთიერთობას აიოლებს; ადამიანთა უფლება, იბატონოს ცხოველებზე, მომდინარეობს ადამიანთა აღმატებულებიდან და ამ უფლების ფარგლებში მათ შეუძლიათ ნებისმიერი ქმედება და უმოქმედობა განახორციელონ. ძალზედ მნიშვნელოვანია უფლებანი, რომლებიც უშუალოდ ადამიანთა შორის არსებობენ; ასეთები კი, დიდი ხანია არსებობენ და ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იხვეწებიან. საზოგადოებაში, ანუ ადამიანთა ერთობაში, არსებული უფლებები მეტად საინტერესოა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სურთ იყვნენ საკუთარ უფლებათა საწყისები ანუ თავის-უფალნი, ნებისმიერი ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი ერთობა, ჩვენი განსხვავებულობიდან გამომდინარე, თავის თავში მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების სიმრავლეს.
სიცოცხლე პიროვნებაში იწყება და პიროვნებაშივე მთავრდება. სიცოცხლის უფლების საწყისიც და მფლობელიც თავად ადამიანია, ანუ მას შეუძლია ამ უფლების ფარგლებში, საკუთარი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა განახორციელოს. სიცოცხლე დროში გაწელილი პროცესია, რომელიც მიმართულია პიროვნების არსებობის გაგრძელებისკენ ანუ მე-ს შენარჩუნებისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ მე კონცეფცია საკუთარი თავის ფლობა ანუ თავის-უფლებაა – სიცოცხლის უფლება საკუთარი თავის ფლობის უფლებაა.
No comments:
Post a Comment