ქალთა მიმართ ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, ამ ფენომენის უკიდურესად უარყოფითი შედეგების სრულფასოვანი გაცნობიერება და შემდგომ მის შესაჩერებლად ერთიანი ძალისხმევა, კოორდინირებული და დროული მოქმედება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,ვერ შევძელით სტერეოტიპული აზროვნების რღვევა, გენდერული თანასწორობის სულისკვეთების ბუნებრივი პოზიტივების აღქმა, ამ სულისკვეთების გავრცელება და საზოგადოებაში მის დასამკვიდრებლად საერთო ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება. ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ პრობლემის არსებობა, გავაცნობიეროთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობა და სწორედ ამ უთანასწორობას უნდა ვებრძოლოთ. სანამ ქალთა ხმა არ იქნება მოსმენილი გადაწყვეტილების მიღებისას, სანამ ქალები დაექვემდებარებიან შევიწროებას და უთანასწორო მოპყრობას დასაქმებისას, სანამ დავადანაშაულებთ მსხვერპლს და ამა თუ იმ მიზეზით გავამართლებთ მოძალადეს, ჩვენ ავცდებით პრობლემის მოგვარების მთავარ გზას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და ხმამაღლა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულია.
No comments:
Post a Comment