ადამიანის ძირითადი უფლება- ღირსება!
დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება ! რა არის ღირსება ? ღირსება ერთდროულად აქვს ქალს და კაცს, ბავშვს და მოხუცს, კანონმორჩილ მოქალაქეს და რეციდივისტს. თვით დედის სხეულში მყოფ მომავალ სიცოცხლესაც შეუძლია მოიხმოს საკუთარ უფლებათა დასაცავად ადამიანის ღირსება. ღირსება არ არის დაკავშირებული უფლებაუნარიანობასა და ქმედითუნარიანობასთან, ღირსების შეგრძნების შესაძლებლობასთან, შეგნებასთან, რომ ღირსების მფლობელი ხარ. შესაბამისად, ღირსება აქვს როგორც დედის სხეულში მყოფ ნაყოფს, ისე რაიმე ფიზიკური ნაკლით დაბადებულს და სულით ავადმყოფს. ადამიანის ღირსება ვრცელდება აგრეთვე გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე. პატიმრებსაც, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან უმძიმესი დანაშაულებისთვის, აქვთ ღირსება. რა შემთხვევაში ილახება ღირსება ? ადამიანის ღირსება დაირღვევა მაშინ, როცა მას დევნის, დამცირების, უფლების აყრის გზით მოეპყრობიან, როგორც საგანს. ადამიანის ღირსების შემლახავად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. ამასთან, ღირსება არ არის ხელშესახები, ასევე არ შეიძლება მისი დაკარგვა. არც სახელმწიფოს შეუძლია რაიმე პირობების არსებობოსას ადამიანს ღირსება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოართვას და არც ადამიანი კარგავს ღირსებას თავისი უღირსი საქციელით, საქმიანობით თუ ცხოვრების სტილის გამო.
ადამიანის ღირსების შემლახავად ითვლება სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას. დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი, დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. დანაშაულის ჩამდენი პირი არ უნდა იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. სადაც კი არსებობს ადამიანი, იქვეა მისი ღირსებაც და არა აქვს მნიშვნელობა, ღირსების მფლობელს ესმის თუ არა ეს. ყოველ ადამიანს აქვს ღირსება, რის გამოც დაუშვებელია, იგი იყოს რაიმე საქმიანობის ობიექტი ან ინსტრუმენტი. ადამიანი არასოდეს არ შეიძლება იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს!
No comments:
Post a Comment